KKKKKKKKKKKKKKKKKKK

ႸႠႥႪႤႢႭ

+

Modern Georgian Protest Songs

თავფურცელი
Home

Representations Chechen Republic Ichkeria in Finland and Norway

*V*Statistics about Georgia
*V*Georgian and Caucasian Anthropology
*V*BPG Series Georgian Fonts

- Site Map
- Search Site
- Ours Readers
- Feedback

 

Coat of Arms

LINKS:
Deda Ena ÃÄÃÀÄÌÀ
დედა ენა
DEDA ENA

First pure
Georgian Web site

Kaucasica ÉÀÅÉÀÑÈÉÀ
Caucasica

Reverse Links

Unicode encoded Georgian fonts are used
Download

Site Stats

My Chechen Uncles

ႹႤႫႨ ႹႤႹႤႬႨ ႡႨႻႨႤႡႨ

გაზეთ "ალიასათვის" (08.09.2000), თამილა ბერიშვილს
ბესარიონ გუგუშვილი

ცნობილი რუსი მწერალი სოლჟენიცინი წერდა, რომ: "ერთად-ერთი ერი რომელიც არ შეეგუა რუსეთის იმპერიის დაპყრობას და განუწყვეტელ, შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა დამპყრობლის წინააღმდეგ იყვნენ ჩეჩნები". ამას არ შეიძლება რომ არ დავეთანხმოთ. მთიელთა თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთი ეპიზოდი შესანიშნავად აქვს აღწერილი დიდ გრიგოლ რობაქიძეს ნოველაში "იმამ შამილი". აქ ავტორმა ქართველობას მისცა სწორი ემოციური და ზნეობრივი გასაღები, ორიენტირი ჩეჩნეთში ახლა მიმდინარე მოვლენების აღქმისა და შეფასებისათვის.

ჩეჩენი ხალხის ფსიქოლოგიისა და სულიერი სამყაროს გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მათი ხალხური ეპოსის ყველა გმირი რუსეთს ებრძვის და ყველა მოტივი რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას ეხება. ყოველ ხალხურ გადმოცემაში, ნოველაში, ლეგენდაში თუ სიმღერაში ამ 250 წლიანი განუწყვეტელი ბრძოლის რომელიმე მომენტია აღწერილი. ჩეჩნისათვის მტერი და რუსი ერთი-და-იგივეა. მე-18 და მე-19-ე საუკუნეებში ჩეჩენ პარტიზანებთან ბრძოლის გასაადვილებლად რუსებმა თითქმის მთლიანად გადაწვეს ჩეჩნეთის ტყეები (მანამდე, ჩეჩნეთის ახლა გაუდაბნოვებული ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუვალი და დაბურული ტყეებით იყო დაფარული). ამ ეკოლოგიურ დივერსიას ახორციელებდა რუსეთის არმიის საგანგებოდ ამისათვის დაარსებული სამმართველო, რომელშიც 2 ათასზე მეტი კაცი მსახურობდა. ეს "სამუშაოები" 75 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა და შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა - ჩეჩნეთის ფლორა, ფაუნა და ჰავა კარდინალურად შეიცვალა - გაუარესდა.

° ° °

ჩეჩენი ხალხის მე-20-ე საუკუნის ისტორიაში, ყველაზე დრამატიული ეპიზოდი იყო მთელი ამ ერის გასახლება ყაზახეთსა და ციმბირში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ გადასახლების დროს, რუსეთის ოფიციალური მონაცემებით შიმშილისა და სიცივისაგან დაიღუპა ერის, ნაციის 30%, ანუ დაახლოებით 250 ათასი ადამიანი (სინამდვილეში კი გაცილებით მეტი). ამ იმპერიულ ველურობას დიდმა ჩეჩენმა მეცნიერმა და დისიდენტმა ავტურხანოვმა "Народоубийство" - ხალხის მკვლელობა უწოდა. უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის პროპაგანდა ამ არაკაცულ აქტს მთლიანად ქართველებს აბრალებდა და აბრალებს - სტალინს და უშუალო შემსრულებლებს - ბერიასა და ენ-კა-ვე-დე-ს გენერალს გვიშიანს. ამ ანტიქართულმა პროპაგანდისტულმა დივერსიამ, საწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ჩეჩენი შეიყვანა შეცდომაში და ბევრი ნეგატიური დამოხატულება ჰპოვა, რასაც შემდგომ შევეხებით. ეს ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რაოდენ და რა მრავალმხრივ საშიში და საზიანოა ერისათვის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი მოღალატე-კოლაბორაციონისტი. მაგრამ, ჩეჩნების გასახლების შემდეგაც, ჩეჩნეთში კიდევ დარჩენ მცირერიცხოვანი პარტიზანული რაზმები, რომლებიც თავგანწირვით, თითქმის 60-იანი წლების შუახანებამდე განაგრძობდნენ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ (ბოლო პარტიზანი სწორედ ამ პერიოდში მოკლეს).

ჩეჩნებს სამშობლოში მასობრივი დაბრუნების საშუალება მიეცათ მხოლოდ 80-იან წლებში. ამ დროისათვის ჩეჩნეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსობა შეადგენდა და ჩეჩნებს მოუწიათ საკუთარი სამშობლოს ხელახალი ათვისება. მიუხედავად ამნისტიისა - ჩეჩენს, როგორც წესი, არ შეიძლება ჰქონოდა დაკავებული მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობა (ყველა დირექტორი, მმართველი, უფროსი ჩეჩნეთში რუსი უნდა ყოფილიყო). ჩემი ჩეჩენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა და მათი ოჯახები ჩეჩნეთში სულ რაღაც 5-10 წლის დაბრუნებულები იყვნენ (საერთოდ, ახლა, 25-30 წელს გადაცილებული ჩეჩნების უმეტესობა ჩეჩნეთში არ არის დაბადებული). სამშობლოში დაბრუნებულმა ჩეჩნებმა გულმოდგინედ და სიყვარულით დაიწყეს გაპარტახებული მეურნეობის, სახლ-კარის აღდგენა და ისევ დაიწყეს თავისუფალ, დამოუკიდებალ ჩეჩნეთზე ფიქრი და ოცნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეჩენი ხალხის საერთო უბედურება არ შეხებია ან ძალზე ნაკლებად შეეხო ჩეჩნების მოსკოვში მოკალათებულ მცირე ნაწილს - იმპერიის, კა-გე-ბეს აგენტურასა და ნომენკლატურის წევრებს, მცირერიცხვოვან "წითელ ინტელიგენციას" - მოღალატეებს. ანუ სწორედ იმათ, ვინც სამარცხვინო როლი შეასრულეს წარსულში და ასრულებენ ახლაც.

° ° °

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ჩეჩენი მოხუცების როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამ ბოლო ეტაპზე. იმათი, ვინც თავის თავზე გამოსცადა გადასახლების მთელი სიმწარე. ისინი ყოველთვის ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ და თავგანწირვის მაგალითს აძლევდნენ ახალგაზრდობას.

ჩეჩენ მოხუცებთან დაკავშირებით, ასეთ ისტორიას გავიხსენებ:
ჯოჰარს სირთულეები ჰქონდა სტატისტიკის სამმართველოსთან დაკავშირებით (ისევე როგორც სხვა არაერთ სახელმწიფო ორგანოსთან) - ეს სამმართველო განაგრძობდა სტრატეგიული მნიშვნელობის, არსებითად სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას მოსკოვისათვის. მეტიც, ამ სამმართველოს უფროსი და თანამშრომლები ხელფასს (თანაც უჩვეულოდ დიდს) პირდაპირ რუსეთიდან იღებდნენ და არ ემორჩილებოდნენ არც ჩეჩნეთის პრეზიდენტს და არც პარლამენტს. როგორც კი ჩეჩნეთის მთავრობა ამ ტიპის უწყების დამორჩილებას შეეცდებოდა, კრემლიდან მაშინათვე იწყებოდა პროვოკაციები - აგრესიის მუქარა, სატრანსპორტო-ეკონომიკური ბლოკადა და ა.შ. (ზუსტად ისევე, როგორც ეროვნული ხელისუფლების დროს საქართველოში).

ბოლოს, 1994 წლის დასაწყისში, როდესაც ეროვნული ხელისუფლება შედარებით მომაგრდა, ხოლო - რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების საშიშროება გაიზარდა, დუდაევმა გადაწყვიტა სტატისტიკის სამმარველოს დამორჩილებაც. ამისათვის, სამთავრობო გადაწყვეტილებით მოახდინა მისი ფორმალური რეორგანიზაცია. სამმართველო გადააკეთა დეპარტამენტად და უფროსად მე მომიწვია. ჩემი ადმინისტრაციული და პოლიტიკური პოზიციების გასამაგრებლად, ამავე დროს, მინისტრთა კაბინეტის წევრადაც დამნიშნა (თუმცა ჩეჩნეთის მოქალაქე არ ვყოფილვარ).

როგორც კი მუშაობას შევუდექი და შევძელი გამომევლინა და გადამეჭრა მოსკოვთან დამაკავშირებელი ყველა ხაზი, მაშინათვე დაიწყო ჩემი დაშინების აქციები (ამას თბილისიდანაც კარგად ვიცნობდი - ანონიმური სატელეფონო ზარები და მუქარა, ოჯახის წევრების დევნა-შევიწროება - განსაკუთრებით ბავშვების და სხვა). მოკლედ, კა-გე-ბე ამუშავდა.

ასეთ ვითარებაში, ერთ დღეს მდივანმა მომახსენა - თქვენი ბიძიები მოვიდნენ და გელოდებიან მოსაცდელშიო. სახტად დავრჩი, არავითარი ბიძიების ვიზიტს ჩეჩნეთში არ ველოდებოდი. მდივანს დავავალე სტუმრებს ჩაითი და ნამცხვრით გამასპინძლებოდა და თათბირი სწრაფად დავამთავრე. შემდეგ მისაღებში გამოვედი. იქ სამი ფაფახიანი, თეთრწვერა, გაღიმებული მოხუცი ჩეჩენი დამხვდა. გადამეხვიენ და მამა-შვილურად ჩამიხუტეს - "ჩვენ ვართ აქ შენი ბიძიებიო" - მითხრა მათში ყველაზე უფროსმა. კაბინეტში მოვიწვიე. შვილო, ვიცით ვინცა ხარ, ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ ჯოჰარს ამ მორიელების ბუდეში დაუნიშნიხარ, წარმოდგენილი გვაქვს თუ როგორ გიჭირს. სწორედ ამიტომ გეწვიეთ. აწი ჩვენი ტაიპების (გვარების) წევრად ჩათვალე თავი, ჩვენი ტაიპებია შენს სისხლზე პასუხისმგებელიო. ჩვენს უკან კი რამდენიმე ათეული კარგად შეიარაღებული ვაჟკაცია და იცოდე, შენს თავს ამ ვირთხებს არ დავაჩაგვრინებთო. გემრიელად ვისაუბრეთ, ვიხუმრეთ და ვიცინეთ. თვეში რამდენიმეჯერ მაკითხავდნენ. წარმოიდგინეთ, მუქარამ და შანტაჟმაც მაშინათვე მნიშვნელოვნად იკლო და შედარებით მშვიდი მუშაობის საშუალება მომეცა. სამწუხაროდ, ერთი ჩემი ჩეჩენი ბიძია ორიოდ თვის შემდეგ პუტჩისტებმა მზაკვრულად მოკლეს საფარიდან (ნეტავ ახლა თუ დარჩა ცოცხალი რომელიმე?).

° ° °

ჩეჩნეთში 1992 წლის მარტში ჩავედი, დევნილი უზენაესი საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად და დევნილი მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩასატარებლად. აპრილში კი საცხოვრებლადაც აქ გადმოვედი. სულ მალე ჩემი ოჯახის წევრებიც იძულებულნი გახდნენ აქ გადმოსულიყვნენ - თბილისში მათი ყოფნა გაუსაძლისი აღმოჩნდა. იმის და მიუხედავად, რომ ჩვენს გაძარცვულ-გაპარტახებულ სახლში ვეღარ ცხოვრობდნენ და ნათესავ-მეგობრებთან აფარებდნენ თავს - იქაც პოულობდნენ, აშინებდნენ-ატერორებდნენ, ემუქრებოდნენ ბავშვების მოტაცებით, მოითხოვდნენ რომ ჩავსულიყავი და ჩემი ნებით ჩავბარებოდი პუტჩისტებს.

1992 წლის ბოლომდე გროზნის მთავარ სასტუმროში - "კავკაზ"-ში ვცხოვრობდით, რომელიც ზუსტად პრეზიდენტის სასახლის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობდა (ახლა გროზნის მთელი ცენტრი მიწასთანაა გასწორებული). თავისი მდებარეობის გამო, სასტუმროში მოსვენებული ცხოვრება შეუძლებელი იყო. თითქმის ყოველ დღე იყო სროლები და აურ-ზაური. მორიგი პუტჩის მოახლოებას სუნით ვგრძნობდით - ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სუნით. სასტუმროს მიდამოები მორფინის გამოყენებული ამპულების ნამსხვრევებით, ერთჯერადი შპრიცებით და არყის დაცლილი ბოთლებით ივსებოდა. ხოლო გროზნის ცენტრი გადატენილი იყო ათასგვარი გაბრუებული ნარკომანებითა და მთვრალი კრიმინალებით. ყოველ ჯერზე, რუსეთისა და დასავლეთის მასს-მედია ამ დაქირავებულ ადამიანურ ნაგავს დემოკრატიისათვის მებრძოლებად ნათლავდა, მათ მოთავეებს კი - ჩეჩენ "რობინ ჰუდებად" (ამ "რობინ ჰუდების" დიდი ნაწილი შემდეგ თითონ რუსებმა ამოხოცეს ან ციხეებში ამოალპეს - შეადარეთ ქართველი "ბატიას გვარდიელი" და მხედრიონელი "რობინ ჰუდების" ბედს).

ზამთარში ერთი ციდა ბინა ვიქირავეთ. სასტუმროსთან შედარებით სავანედ მოგვეჩვენა. როდესაც ქირის გადახდის დრო მოვიდა, ბინის პატრონს დავურეკეთ - ფული სად მოგიტანოთო. თქვენ ნუ შეწუხდებით, ჩვენ თითონ მოვალთო გვითხრეს. მართლაც, ორიოდ დღეში მოვიდა დიასახლისი. მოგვართვა ძღვენი, კარგა ხანს გვესაუბრა. ფულზე კი კატეგორიული უარი განაცხადა. ჩათვალეთ, რომ ეს ბინა თქვენი საკუთარია - რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს იცხოვრეთო, ჩვენ კარგად გვესმის ლტოლვილების მწარე ხვედრიო. თურმე, სულ ხუთიოდე წლის ჩამოსულები ყოფილან ყაზახეთიდან. შემდეგაც ხშირად გვაკითხავდნენ, ყოველთვის რაიმე სოფლური ძღვენით - ხილით, რძის პროდუქტებით და სხვა. რამდენჯერმე გვთხოვეს - ბავშვები გაგვატანეთ სოფელში, გალაღდნენ სუფთა მთის ჰაერზეო.

° ° °

ჩეჩნეთის რიგით პირველი, ე.წ. "სატელევიზიო" პუტჩი 1992 წლის მარტ-აპრილში მოხდა. ეს პუტჩი თბილისის სექტემბერ-ოქტომბრის პუტჩის ზუსტი ასლი იყო (აქაც გამოჩნდა კა-გე-ბეს მუშაობის სცენარების ტიპობრივობა). პუტჩისტებმა დაიკავეს ტელევიზიის შენობა და დემოკრატიის აღდგენა - ანუ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. პუტჩის დასაწყისშივე პუტჩისტებს მოთმინებით განუმარტეს - თბილისური სცენარი აქ არ გამოგადგებათო. მაგრამ, მათ არ ისმინეს. მესამე დღეს, პუტჩისტებთან, ტელევიზიის შენობისაკენ მოსალაპარაკებლად მიმავალი მოხუცების დელაგაციას პუტჩისტებმა ცეცხლი გაუხსნეს (ეს ყველაფერი დაწვრილებითაა გადაღებული ვიდეოფირზე) და ორი მოხუცი მოკლეს. ამის შემდეგ, ნახევარ საათში, განრისხებულმა ხალხმა პუტჩი აღკვეთა.

° ° °

1993 წლის შუახანებამდე ჩეჩნეთში ფრიად გაურკვეველი ორხელისუფლიანობა სუფევდა. ჩეჩნეთმა თავი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა. ფორმალურად ქვეყნის მეთაური იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი. მაგრამ, პრაქტიკულად ძალაუფლებაში მას ეცილებოდა და ჯობნიდა კიდეც "კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია". "კონფედერაციის" ჩეჩენი ლიდერი უსუპ სასლანბეკოვი ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფე იყო და არად აგდებდა არც დუდაევს და არც პარლამენტს.

კა-გე-ბეს ამ წარმონაქმნს მრავალმილიონიანი უკონტროლო ბიუჯეტი და აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა რუსეთსა და საზღვარგარეთ. მაგალითად, "კონფედერაციის" ერთ-ერთი უცხოელი მხარდამჭერი იყო საქართველოში დიდად პატივნაცემი ინგლისელი ქართველოლოგი ჯორჯ ჰიუიტი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონფედერაციის ყოველ თავყრილობაში და მისი იდეების მქადაგებელი და პროპაგანდისტი იყო დასავლეთში. მაშინ, როდესაც, ჯოჰარს ყოვლად გართულებული ჰქონდა რუსეთსა თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, "კონფედერაციის" ლიდერები მთელს მსოფლიოს იყვნენ მოდებულები.

"კონფედერაციის" წევრებში (იმ დაქირავებულების გარდა, რომელებიც მხოლოდ-და-მხოლოდ ფულისათვის მუშაობდნენ და რომლებისათვისაც სულ ერთია ვის ესვრიან და კლავენ) ბევრი იყო ისეთიც, რომელიც რუსულ-დასავლური პროპაგანდის გავლენით ანტიქართული ისტერიით იყო მოწამლული (გაიხსენეთ ზემოთხსენებული სტალინ-ბერია-გვიშიანის დანაშაული). "კონფედერაციის" წევრები აგრეთვე წამდაუწუმ იმოწმებდნენ ავადსახსენებელი ანდრეი სახაროვის სიტყვებს, რომ "საქართველო პატარა იმპერიაა და იგი უნდა დაიშალოს". ეს თქვენ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაიქცევა ბოროტი სიტყვა სისხლისა და ომის წყაროდ. სახაროვის ქვრივი ელენე ბონნერიც "კონფედერაციის" დიდი მხარდამჭერი და მეხოტბე გახლდათ. ამიტომ, რუსეთისათვის საკმაოდ იოლი გახდა ანტიქართული პროპაგანდით გაბრუებული სამი ასეული ჩეჩენი ახალგაზრდის ჩათრევა რუსეთისა და მისი აგენტურის მიერ პროვოცირებულ აფხაზეთის კონფლიქტში.

დღეს ქართული მასს-მედია და ვითომპოლიტიკოსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხსენებენ აფხაზეთის კონფლიქტში სამიოდე ასეული თავგზააბნეული ჩეჩნის მონაწილეობას და არ უნდათ გაიხსენონ ამ ომის ორგანიზატორები, იდეოლოგები და წამქეზებლები - სახაროვი, ბონნერი, ჰუიტი და მრავალი სხვა. სულ ახლახანს წავიკითხე რუსულ გაზეთში არძინბას ინტერვიუ აფხაზეთის ომზე, რომელშიც იგი საერთოდ აღარ ახსენებს ჩეჩნებს, სამაგიეროდ ხოტბას ასხავს რუს-აფხაზის მხარეზე მეომარ ორ სომხურ ბატალიონს. რომლებმაც, მისი სიტყვებით, დიდად გადაწყვიტეს ამ ომის ბედი.

მაშინ, პირადად ჯოჰარ დუდაევმა დიდი პროპაგანდისტული და ახსნა-განმარტებითი მუშაობა გასწია, რათა ნიღაბი აეხადა ამ ანტიქართული ისტერიისათვის - ამას მან სპეციალურად მიუძღვნა რამდენიმე საგანგებო გამოსვლა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. ერთ-ერთ გამოსვლაში ჯოჰარ დუდაევმა აფხაზეთის კონფლიქტს უწოდა რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. ვფიქრობ ამ განსაზღვრებას და დუდაევის პოზიციას ბევრი განმარტება არ სჭირდება. ჯოჰარის ამ მცდელობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ "კონფედერაციის" გავლენა ჯერ კიდევ ძალზე დიდი იყო.

"კონფედერაციის" ჯარების შესაიარაღებლად რუსები აწყობდნენ ჩეჩნეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების გაძარცვის ინსცენირებებს. ამით "კონფედერატებს" ხელში ჩაუგდეს დიდძალი არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ რამდენიმე ერთეული მძიმე იარაღიც - არტილერია, ბეტეერები. შემდეგ, მათ საშუალებას აძლევდნენ და ეხმარებოდნენ რათა ეს იარაღი 900 (ცხრაასი) კილომეტრის რუსეთის ტერიტორიაზე გავლით ჩაეტანათ აფხაზეთში (ამ გზით არათუ ტანკს, არამედ ორ ყუთ მანდარინსაც ვერ გაიტანდით უნებართვოდ).

° ° °

"კონფედერაცია" აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გათავხედდა. 1993 წლის გაზაფხულზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა "კონფედერაციასა" და ჩეჩნეთის ეროვნულ ხელისუფლებას შორის - ამას "თეატრალური მოედნის პუტჩი" დაერქვა. პუტჩი და დაპირისპირება თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა და გარკვეულ მომენტებში კანონიერი ხელისუფლების ბედი ბეწვზე ეკიდა. გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ "კონფედერაციის" მებრძოლთა და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ამ დროს აფხაზეთში იყო გადასროლილი და თვით ჩეჩნეთში მათი სამხედრო ძალა დაქვეითებული აღმოჩნდა.

ამ პუტჩის მსვლელობასაც ძალზე ახლო მანძილიდან ვადევნებდით თვალს, იგი ზუსტად ჩვენი ბინის წინ ხდებოდა, 50 მეტრში. ვხედავდით, როგორ ორგანიზებულად ხდებოდა მორიგეების ცვლა, როგორ ურიგებდნენ პუტჩისტებს იარაღს (მათ შორის უახლეს ხელის არტილერიას) და ფულს, ამარაგებდნენ სასმელ-საჭმლით, ღამ-ღამობით ასმევდნენ არაყს. ნარკომანებს ურიგებდნენ ნარკოტიკებს. ამას ხედავდნენ და ვიდეოფირზე იღებდნენ რუსი და უცხოელი ჟურნალისტებიც - მაგრამ, არც ერთხელ არ უჩვენებიათ გადაცემებში. ჩვენი ნაცნობი რუსი ქალი, რომელიც ქუჩის გაღმა მხარეს ცხოვრობდა, ჩიოდა - სადარბაზოში ერთი მტკაველის სისქეზე ყრია მორფინის ამპულებიო.

ბოლოს ამ პუტჩის ბედიც ხალხის თანადგომამ გადაწყვიტა. არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, როდესაც პრეზიდენტის სასახლის წინა მოედანზე, ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა პუტჩისტების მიტინგზე შეკრებილთა რაოდენობაზე ბევრად მეტი არ ყოფილიყო. ჯოჰარმა ხალხი გააფრთხილა - ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს ის ვინც არ დაიღლება, ვინც უფრო მედგარი აღმოჩნდებაო. ყველაზე მძიმე მომენტებში მოხუცები წამოიწყებდნენ სიმღერასა და რიტუალურ ცეკვას - ამხნევებდნენ ხალხს. საცნაურია, რომ რუსეთისა და დასავლეთის მასს-მედია ჯოჰარის მხარდამჭერთა ხალხმრავალ მიტინგებს ყოველთვის აჩვენებდა როგორც "დემოკრატიული" ოპოზიციის მიტინგებს და პირიქით, მცირერიცხოვან კბილებამდე შეიარაღებულ პუტჩისტებს ხროვას ჯოჰარელებად ასაღებდა. სხვათა შორის, ამ წვრილმანმა მათხოვრულმა თვალთმაქცობამაც რუსეთისათვის უარყოფითი როლი ითამაშა - ხალხი კიდევ უფრო დაირაზმა და მედგრად დადგა.

ხალხი რომ ვერ დაღალეს, მაშინ მისი დაშინება დაიწყეს სროლითა და მკვლელობებით. რამდენიმეჯერ შორიდან ესროლეს პრეზიდენტის სასახლის წინ შეგოვილ ხალხს, თითონ დუდაევს. ამან კი საბოლოოდ მათი ბედი გადაწყვიტა. ეს პუტჩიც აღიგავა და მასთან ერთად აღიგავა ჩეჩნეთში "კონფედერაციის" ბატონობაც. რამდენიმე დღეში "კონფედერაციის" ბელადები ჩეჩენი ხალხის ყრილობამ ოფიციალურად გამოაცხადა ერის მოღალატეებად და ისინი რუსეთში გაიქცნენ. ოდესღაც ძლევამოსილი უსუპ სასლანბეკოვი ხალხმა სამარცხვინოდ - პანღურების რტყმითა და ფურთხებით გააგდო კაბინეტიდან, შეიარაღებული ბანდების უმეტესობა კი დაიშალა.

° ° °

საერთოდ, უკვე 1993 წლის მეორე ნეხევარიდან პუტჩების მხრივ ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა. კრემლმა, შახრაის პირით ტელევიზიით ოფიციალურად გამოაცხადა - "პუტჩები ჩეჩნეთში მოხდება ყოველ ორ-სამ თვეში მანამ, სანამ დუდაევის დიქტატურა არ დაეცემაო". გროზნიში სწორედ ორ-სამ თვეში ერთხელ დაირხეოდა ხმა - ნადტერეჩნი რაიონში (ეს რაიონი ოპოზიციის დასაყრდენი იყო, რამდენადაც აქ რუსები ჭარბობდნენ) საბარგო მანქანებით (ტრაილერებით) ჩამოიტანეს ფული და იარაღი პუტჩის მოსაწყობადო. მართლაც, რამდენიმე დღეში გროზნიში იწყებოდა დაძაბულობა და არეულ-დარეულობა. მაგრამ, თანდათანობით, ჯოჰარის მომხრეებმა იოლი ხერხი გამონახეს. ისინი პირველები და უფრო მეტნი იდგნენ ხოლმე ნადტერეჩნი რაიონში პუტჩისტებისათვის გაკუთვნილი ფულისა და იარაღის მიმღებთა რიგებში და შემდეგ გროზნიში ბრუნდებოდნენ ფრიად ხელდამშვენებულები.

° ° °

პუტჩების ჩაშლის გარდა, ჩეჩნეთში კა-გე-ბემ ვერ მოახერხა თავისი პოლიტიკური გავლენის აგენტების ჩანერგვაც. 1992-1993 წლებში დიდი ხელოვნური ავტორიტეტი შეუქმნეს იმ დროს რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს რუსლან ხასბულატოვს. ჩეჩენი რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარედ საგანგებოდ დააწინაურეს, რათა დუდაევისათვის მოწინააღმდეგე შეექმნათ. ხასბულატოვმა, შემოიკრიბა ე.წ. ჩეჩნური მაფია, მისცა მას დიდი შემოსავლების წყაროები კომერციულ სტრუქტურებში და ამით ბევრი ჩეჩენი მოისყიდა და მოიმადლიერა. მის ნათესაობას და მომხრეებს გროზნიში იოლად გამოიცნობდით უძვირფასესი და ეგზოტიკური უცხოური ავტომანქანებით.

ხასბულატოვი თვალთმაქცურად ყოველთვის ლაპარაკობდა ჩეჩნეთის სუვერენიტეტზე - და არასოდეს ახსენებდა ტერმინს დამოუკიდებლობა. იგი დიდ ხანს ვერც ერთ ინტერვიუში ვერ აიძულეს მტკიცე პიზიცია გამოეთქვა ჩეჩნეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. მაგრამ, ბოლოს მასაც მოუწია თავისი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბება. ეს მისი ჩეჩნეთში გავლენის ბოლო დღე გახდა. ამის შემდეგ, როდესაც იგი ჩეჩნეთში ჩამოვიდა, რათა ვითომ "ჩეჩენი ხალხი შეერიგებინა" და "სამოქალაქო ომი შეეწყვიტა" (ალბათ ეს სიტყვები რომელიმე სხვა პოლიტიკოსის სიტყვებს მოგაგონებთ) - მას ხალხი ქუჩაში მიაძახებდა 'Чеченский Эдик'. როდესაც კრემლი დარწმუნდა, რომ ოპერაცია ხასბულატოვი ჩაიშალა 'Верный Руслан'-ი მორიგ პროვოკაციაში გამოიყენეს და პოლიტიკური სცენიდან ჩამოწერეს.

° ° °

ბოლო პუტჩი, რომელსაც პირადად შევესწარი 1994 წლის ზაფხულში მოხდა. ეს სისხლიანი, განწირული ავანტიურა უფრო იყო. მას ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ჩეჩენი "რობინ-ჰუდი" ლაბაზანოვი. სავსებით მოულოდნელად, დილით უთენია, ასიოდე მძიმედ შეიარაღებული ლაბაზანოველი, ორი ბე-ტე-ერითა და ავტომატური ყუმბარმსროლებით მოწყობილი რამდენიმე ამერიკული ჯიპით ზუსტად პრეზიდენტის სასახლის წინ შემოიჭრენ და აქ გამაგრდნენ. მათ ფარად დაუდგა რამდენიმე ასეული შეუიარაღებელი ინტელიგენტი (ამჯერად მეტი ვეღარ გამოინახა). მყისვე, სასწაულებრივ გამოჩნდნენ საიდანღაც მრავალრიცხოვანი უცხოელი ჟურნალისტები (რომლებსაც მანამდე ჩეჩნეთში დღისით სანთლით ვერ იპოვიდი). ამბოხებულებმა დემონსტრატიულად გაუგზავნეს დუდაევს ულტიმატუმი გადადგომის მოთხოვნით. ამჯერად, დუდაევმა პუტჩისტების წარგზავნილები არც კი მიიღო.

პუტჩისტები წვიმამ და ლაბაზანოვის მიერ ამასწინად ჩადენილმა მკვლელობამ დაღუპა. ორიოდ კვირით ადრე ლაბაზანოვისა და მეზობელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა. მან ეს მეზობელს დააბრალა და დახვრიტა (საავადმყოფოში, სადაც ეს მთლად დამწვარი კაცი მომაკვდავი იწვა). ამისათვის მას მოკლულის ოჯახმა ომი გამოუცხადა.

საერთოდ ზაფხულის დამდგომს გროზნიში დიდი გვალვა არის ხოლმე. ამჯერად კი, უკვე გვიან საღამოსათვის კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ინტელიგენტი, შლაპიანი პუტჩისტები სახლებში გაიქცნენ, და დიდ მოედანზე დარჩა ორი ბე-ტე-ერი, ხუთიოდ ჯიპი და ორიოდ ცელოფანში გახვეული გაწუწული ჟურნალისტი. როდესაც ლაბაზანოვმა დაინახა, რომ სამოქალაქო მიტინგის აგორებას ვეღარ ახერხებს, მისი მანქანები და ბე-ტე-ერები სასწრაფოდ მოწყდნენ ადგილიდან და თავისი გამაგრებული ბაზისაკენ გაექანენ (ამას ყველაფერს სტატისტიკის დეპარტამენტის ფანჯრიდან კარგად ვხედავდი). მაგრამ, უმეტესობამ ვერ მიაღწია იქამდეც. მეორე დილით გავიგეთ, რომ თურმე გზაში ლაბაზანოვის მოსისხლე ოჯახის წევრების საფარს გადაეყარენ...

° ° °

როდესაც კრემლი დარწმუნდა, რომ "დემოკრატიული" პუტჩების გზით (ანუ იმ გზით, რომელიც საქართველოში და აზერბაიჯანში წარმატებით გამოიყენეს) ჩეჩნეთის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა, დაიწყო რუსეთის დაუფარავი და შეუნიღბავი სამხედრო აგრესია - რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, რომელიც სამწლიანი დაზავების შემდეგ ახლა ისევ ახალი ძალით განახლდა და გრძელდება.

ჩეჩენი ხალხი განაგრძობს საუკუნოვან წმიდათაწმიდა ომს თავისუფლებისათვის. ომს თავისი და სხვა ხალხების თავისუფლებისათვის. ბრძოლას თავისუფლებისათვის საერთოდ. "თავისუფლების მომტანი, ამ ქვეყნად მხოლოდ ხმალია" მღერიან ჩეჩნები.

მჯერა, რომ ჩეჩენი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს. მეტიც, იგი უკვე გამარჯვებულია. იმიტომ, რომ გამარჯვებულია ის - ვისაც ბრძოლის უნარი შესწევს, გამარჯვებულია ის - ვინც იბრძვის.

Vantaa, Finland, August 23, 2000

 

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

 Cover Page | Table of Contents | BPG 1996 | rioni@hotmail.com | Feedback