KKKKKKKKKKKKKKKKKKK

ႸႠႥႪႤႢႭ

+

Modern Georgian Protest Songs

თავფურცელი
Home

Representations Chechen Republic Ichkeria in Finland and Norway

*V*Statistics about Georgia
*V*Georgian and Caucasian Anthropology
*V*BPG Series Georgian Fonts

- Site Map
- Search Site
- Ours Readers
- Feedback

 

Coat of Arms

LINKS:
Deda Ena ÃÄÃÀÄÌÀ
დედა ენა
DEDA ENA

First pure
Georgian Web site

Kaucasica ÉÀÅÉÀÑÈÉÀ
Caucasica

Reverse Links

Unicode encoded Georgian fonts are used
Download

Site Stats

 

Washington, DC and a Crow Bar

Washington, DC ႣႠ ႷႭႥႪႨႱႫႻႪႤႥႨ ႻႠႪႠႷႨႬႨ

Washington, DC and a Crow Bar

Interview to Newspaper "Alia" (Georgian)

ინტერვიუ გაზეთ "ალიას"

თამილა ლომიშვილს (16.09.2000)

საქართველოსათვის იქნებ ყველაზე საბედისწერო იყო 1993 წლის სექტემბერ-დეკემბრის მოვლენები. სწორედ ამ მოვლენებმა გადაწყვიტეს ქართველი ერის ბედი უახლოესი ათწლეულებისათვის მაინც. ამ მოვლენებმა არსებითწილად გადაწყვიტეს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების ბედიც.

ამ ინტერვიუში ძირითადად დავეყრდნობი ამერიკის კონგრესის ქართული საზოგადოებრიობის ფართო ფენებისათვის ერთ უცნობ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს - "Briefing on Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy (თანამედროვე სიტუაცია საქართველოში და დასკვნები აშშ პოლიტიკისათვის)", Commission on Security and Cooperation in Europe, Monday, October 25, 1993, Washington, DC.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ეს კომისია ამერიკის კონგრესის ორგანოა, რომელსაც ევროპაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს. შეკრებას უძღვებოდა კომისიის დირექტორი სამუელ ვაისი (Samuel Wise). მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ჩარლზ ფერბენკსი (Charles H. Fairbanks, Director of the Central Asia-Caucasus Institute) - რეიგანისა და ბუშის საარჩევნო კამპანიების საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი; და, თომას გოლცი (Thomas Goltz) - აღმოსავლეთმცოდნე და კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე.

ამ საკვანძო მნიშვნელობის დოკუმენტიდან - რომელმაც გააშუქა და განსაზღვრა აშშ პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ნათლად ჩანს თუ როგორ, რა მოტივირებით და რა მეთოდებით წყდებოდა საქართველოს ბედი.

ფერბენკსი და გოლცი, კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის, სულ რამდენიმე დღის დაბრუნებულები იყვნენ ვაშინგტონში საქართველოდან.

პუტჩი და აფხაზეთის ომი

მოკლედ შეგახსენებთ წინარე მოვლენების მიმდევრობასა და არსს. თბილისის კრიმინალური პუტჩის შემდეგ ხუნტისადმი წინააღმდეგობა არ შემწყდარა და ამ წინააღმდეგობის ცენტრი გახდა დასავლეთ საქართველო, კერძოდ სამეგრელო და აფხაზეთი. ამას კიდევ უნდა დავამატოთ აჭარა - რომელშიც ხუნტა საბოლოოდ დღემდე ვერ გამაგრებულა. მაგრამ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამეგრელოს, აფხაზეთისა და სოხუმის ფაქტორი, სადაც მომდინარეობდა განუწყვეტელი, პერმანენტული საპროტესტო მიტინგები კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. "მხედრიონისა" და კიტოვან-სიგუას "გვარდიის" არაერთგზის სადამსჯელო ოპერაციებმა, ეგზეკუციებმა სამეგრელოში შედეგი ვერ გამოიღეს - სახალხო წინააღმდეგობა სულ უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა.

ნათელი გახდა, რომ ხუნტა, რომელსაც ამ დროს უკვე შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, "მხედრიონისა" და კიტოვანის "გვარდიის" მეშვეობით სამეგრელო-აფხაზეთის წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა. სწორედ ამ დროს განაცხადა შევარდნაძემ - "თუ სამეგრელოში არ დავშოშმინდებით, აფხაზეთში სამაჩაბლოზე უარესი დაგვემართებაო". ეს იყო დაუფარავი მუქარა, რომ თუ სამეგრელო არ შეწყვეტდა წინააღმდეგობას, მაშინ შევარდნაძე სასჯელის სახით საქართველოს აფხაზეთს დააკარგვინებდა.

სწორედ აფხაზეთის დაკარგვის პროვოცირებისათვის დაიწყო აფხაზეთში შევარდნაძის ბრბოების შეჭრა - რომელიც ვითომ სატრანსპორტო მაგისტრალების დაცვის (განსაკუთრებით რკინისგზის) მოტივით დაიწყო - დაიმახსოვრეთ ეს ფაქტორი, იგი შემდგომშიც განმეორდა! ეს ფაქტორი წერილობითაა დაფიქსირებული აგრეთვე სოჭის ხელშეკრულებაშიც.

ვაშინგტონში, 1993 წლის 25 ოქტომბერს, მომხსენებელმა არაორაზროვნად განაცხადა: "გოლცი: - შევარდნაძის[!] ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა [გვ. 8]". როგორც ხედავთ, ამერიკელებმა მშვენივრად, ზოგ "ქართველზე" უკეთესად იციან თუ ვინ და როგორ მოაწყო ომის პროვოცირება აფხაზეთში.

პრეზიდენტმა გამსახურდიამ ომის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა საგანგებო მიმართვა, რომლითაც ქართველი ხალხი გააფრთხილა, რომ მზადდებოდა ქართველი ხალხის გენოციდი აფხაზეთში. ამით მან ნიღაბი ახადა მომზადებულ მზაკვრობას.

ომის პირველი ეტაპი დასრულდა გაგრის გაყიდვითა და სოჭში (სიმბოლურია - სოჭი ხომ ასევე საქართველოს ნაწილი იყო გასაბჭოებამდე), ელცინის თამადობით ხელმოწერილი სამარცხვინო კაპიტულაციით - რომლის მიხედვითაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს აფხაზეთში უნდა სავსებით დაეტოვებინათ ტერიტორია ენგურის დასავლეთით - ესე იგი უნდა მიეტოვებინათ მუჟავაც და სხვა ტერიტორიები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიას არ ეკუთვნოდა. ამით შემზადდა სოხუმისა და აფხაზეთის საბოლოო გაყიდვა.

კანონიერი ხელისუფლების აღდგენა დასავლეთ საქართველოში და ეროვნული დაზავების პროცესი

აფხაზეთის პროვოკაციამ კიდევ უფრო ნათელი გახადა ხუნტის ელიტის მოღალატური არსი. ამან კი გააძლიერა საპროტესტო მოძრაობა მთელს საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში. თანადათანობით წინააღმდეგობის არეალი აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების ვრცელ რეგიონად გადაიქცა. ზუგდიდში ჩატარდა უზენაესი საბჭოს ორი სესია და 1993 წლის აგვისტოს ბოლოდან მუშაობას შეუდგა კანონიერი მინისტრთა კაბინეტი.

ხუნტის ელიტისა და შევარდნაძის მდგომარეობა უკიდურესობამდე გამწვავდა. თვით ხუნტაში გაჩნდა და ფართოვდებოდა ბზარი - ზუგდიდს მოაშურეს ფაქტობრივი პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა და მთელმა ჯგუფებმა. უზენაეს საბჭოსა და პარლამენტის შორის აჭარაში დაიწყო სისტემატური კონსულტაციები და დიალოგი. იქმნებოდა საქართველოში შინაგანი ძალების დაზავების, შერიგების სავსებით რეალური წინაპირობები. ამასთანავე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს დაზავება დაიწყო ფორმალურ საფუძველზე, წარმომადგენლობითი ორგანოების დონეზე, რაც ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა.

მაგრამ, არა-თუ დაზავება - არამედ მოლაპარაკებაც კი დაპირისპირებულ ქართველებს შორის არ აწყობდა შევარდნაძესა და ხუნტის უკიდურეს ექსტრემისტულ, ანტიქართულ ნაწილს, მის ელიტას. სწორედ ამიტომ, შევარდნაძემ 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოახდინა ხელისუფლების ხელახალი, სრული უზურპაცია და შეწყვიტა ისედაც უძლური პარლამენტის საქმიანობა. ამით მან იძულებით ჩაუკეტა ფაქტობრივ პარლამენტს ეროვნული დაზავების მომზადებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩაშალა დაზავებისა და შერიგების მომზადების მთელი პროცესი. ეს უნდა ახსოვდეთ იმათ, ვინც დღეს ლაპარაკობს შერიგებაზე და დაზავებაზე.

კანონიერმა ხელისუფლებამ მაშინათვე საგანგებო და საგანგაშო განცხადებით მიმართა ქართველ ხალხს და შეატყობინა, რომ შევარდნაძის შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა აფხაზეთში ომის განახლება და აფხაზეთის საბოლოო გაყიდვა. კანონიერი ხელისუფლების ეს პროგნოზიც, ისევე, როგორც ყველა სხვა პროგნოზი და წინასწარმეტყველება სავსებით დადასტურდა. მართლაც, რამდენიმე დღეში ომი აფხაზეთში განახლდა.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონში კანონიერი ხელისუფლების პროგნოზების სისწორეც იქნა აღნიშნული: "გოლცი: - დღეს შევარდნაძისათვის სამწუხარო და არსებითი მისი გადარჩენისათვის ისაა, რომ ყოველივე, რაც მოხდა 1992 წლის შემდგომ, პუტჩის შემდგომ, იყო გამსახურდიას მხარის წინასწარმეტყველების აღსრულება. მე არ დავეთანხმებოდი მათ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფერი ახდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია დაამხეს იმისათვის რათა ისევ დაებრუნებინათ შევარდნაძე თბილისში. შევარდნაძის მომხრეები ამას უარყოფდნენ. მაგრამ, სამი თვის შემდეგ შევარდნაძე მართლაც დაბრუნდა თბილისში. თუ თქვენ გამსახურდიას მომხრეებს დაელაპარაკებით დღეს ან დაელაპარაკებოდით თუნდაც ერთი თვის წინ - მათი წინასწარმეტყველება იყო, რომ შევარდნაძის მიზანი იყო სოხუმის მიყიდვა[!] აფხაზებისათვის, მისი რუსებისათვის ჩაბარება და საქართველოს იძულება შესულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში... ყველაფერი ეს მართლაც მოხდა. მე არ ვეთანხმები საქართველოს წინააღმდეგ 'დიდი შეთქმულების' იდეას, მაგრამ ფაქტები კიდევ ერთხელ წითელ ხაზად გასდევენ ყველაფერს... [გვ. 8]".

პრეზიდენტის დაბრუნება

აფხაზეთში ომის განახლება ნიშნავდა საქართველოს დიდი ხნით ადრე დაგეგმილი დაყოფა-დანაკუწების გეგმის საბოლოო განხორციელებას. ეს გეგმა ყოფილი საბჭოთა სივრცის ახალი მოწყობა-ორგანიზაციის იმ პროექტის ნაწილი იყო, რომელიც სახაროვის სახელთანაა დაკავშირებული და რომელსაც საიდუმლოდ იმთავითვე ემსახურებოდა და ემსახურება შევარდნაძე. საღი აზრი მოითხოვს დავადასტუროთ, რომ სამწუხაროდ ეს არაკაცული, სატანური განზრახვა საქართველოს მიმართ პრაქტიკულად სრული ზომით განხორციელდა (ჯერ არ დასრულებულა მხოლოდ ჯავახეთის სრული მოკვეთა). დაკარგულია აფხაზეთი, სამაჩაბლო. ფაქტობრივად გამოყოფილია აჭარა (მიზეზს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს).

აფხაზეთის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის ქართველობის გადასარჩენად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა დევნილობიდან. იგი დაუყონებლივ გავიდა ფრონტზე, წინა ხაზზე - ოჩამჩირეში და იქ მოახერხა ერთობლივი წინააღმდეგობის შტაბის შექმნა. ეს უკვე განხორციელებული ეროვნული შერიგება და დაზავება იყო - ამჯერად ორივე ქართული მხარის სამხედროების მონაწილეობით! ეს კი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამას განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება იმათ, ვინც სამოქალაქო ომზე ლაპარაკობს. თუ სამხედროები დაზავდნენ და შერიგდნენ - ვინღა ჩაებმებოდა სამოქალაქო ომში? ხუნტის ქურდულ-ინტელიგენტური ელიტა?

გაერთიანების შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ერთობლივმა შეიარაღებულმა ძალებმა ენერგიული შეტევა განახორციელეს და ფაქტობრივად სოხუმამდე მთელს ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. მაგრამ, ამან კიდევ ერთხელ, უკიდურესი საშიშროება შეუქმნა შევარდნაძის რეჟიმს - გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ხომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედებდნენ! მათი გამარჯვება ხომ გამსახურდიას გამარჯვება იქნებოდა!

რეაქცია დაუყონებლივ მოჰყვა. ერთი მხრივ - მყისვე დაიწყო უსასტიკესი შეტევა სოხუმზე, ხოლო მეორე მხრივ - შევარდნაძის პირად დაქვემდებარებაში მყოფმა ჯავშანსატანკო და საარტილერიო ნაწილებმა მოულოდნელად მიატოვეს ფრონტის ხაზი და სვანეთის გავლით თბილისისაკენ გაემართნენ. ფრონტი ჯავშნისა და არტილერიის გარეშე დარჩა. აფხაზეთის გადარჩენის ბოლო შანსი დაიკარგა - ჯერ სოხუმი და შემდგომ მთელი აფხაზეთი საქართველომ რამდენიმე დღეში დაკარგა. შევარდნაძემ განახორციელა მისი მისსია (რომლის შესახებაც ზვიად გამსახურდია დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ქართველ ხალხს) და გათამაშებული, ვითომ ფათერაკების გამოვლით - რუსული დაცვის ესკორტით თბილისს დაბრუნდა.

უსისხლო წინსვლა

აღდგენილი კანონიერი ხელისუფლების რეგიონში მოვლენათა დაწვრილებითი განხილვისაგან ახლა თავს შევიკავებ და აღვნიშნავ მხოლოდ უმთავრესს - ყოველგვარი ბრძოლებისა და სისხლისღვრის გარეშე განთავისუფლებული იქნა ქალაქი ფოთი, გურიისა და იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ხალხი ყველგან სიხარულითა და პატივისცემით ხვდებოდა თავის პრეზიდენტს. ამასთანავე - საქართველოს ამ კუთხეების განთავისუფლება ხდებოდა აქ კანონიერი გვარდიის ამავე კუთხის ბატალიონის დაბრუნებით. არავითარ სამხედრო წინააღმდეგობას, ბრძოლებსა და სისხლისღვრას ადგილი არა ჰქონია. შევარდნაძეს ამ დროისათვის აღარ გააჩნდა სანდო და რაც მთავარია - ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა! ესეც უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვინც დღეს სამოქალაქო ომზე ლაპარაკობს. ამ დროისათვის სავსებით რეალური გახდა კანონიერი ხელისუფლების მშვიდობიანი, უსისხლო აღდგენა მთელს საქართველოში.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ის სიმშვიდე და საზეიმო განწყობილება, რომელიც რეგიონში დამკვიდრდა კანონიერების აღდგენისთანავე. პრაქტიკულად შეწყდა კრიმინალური აქტივობა (აგვისტო-ოქტომერში მხოლოდ ორიოდ მძიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი) - კრიმინალების უმეტესობამ თბილისს შეაფარა თავი. სიმშვიდე იყო იმის და მიუხედავად, რომ რეგიონს მოაწყდა აფხაზეთიდან ლტოლვილი თითქმის მეოთხედი მილიონი ადამიანი და ეკონომიკური მდგომარებაც ძალზე მძიმე იყო.

პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კვლავ განახლდა ეროვნული დაზავების განახლების გზების ძიების პროცესი - ხუნტის ელიტის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად. ზუგდიდს კვლავ მიაშურეს თბილისიდან სხვადასხვა ორიენტაციის პოლიტიკოსებმა. 1993 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ხუნტის ელიტის დამხობა მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი ვითომ სამოქალაქო ომის გარეშე უკვე გარდუვალი გახდა.

აი რა ითქვა ამ ორ - კანონიერ და უკანონო ხელისუფლებაზე ვაშინგტონში 1993 წლის 25 ოქტობმერს: "გოლცი: - ბატონი გამსახურდია უდაოდ ძალზე პრობლემატური პიროვნებაა. მაგრამ მას გააჩნია ის, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვუწოდებთ. და იგი ხელისუფლებას პუტჩის მეშვეობით ჩამოაშორეს... ქალბატონებო და ბატონებო, მე დავასკვნი, რომ ედუარდ შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით [გვ. 7]".

ბატონ გოლცის ეს განაჩენი შევარდნაძის რეჟიმისადმი დღეს ისეთივე აქტუალურია როგორიც იყო 1993 წელს. ამას ვერ უშველის თუნდაც ათობით ფალსიფიცირებული "არჩევნები". ამ პრობლემას მას ვერ მოუხსნიან ვერავითარი "გავლენიანი დასავლეთელი მეგობრები", ჯილდოები და რეკლამირებულ-პომპეზური ვიზიტები. მისმა ძალაუფლებამ საქართველოს ისტორიაში უკვე საბოლოოდ და საუკუნოდ დაიმკვიდრა სისხლიანი მარიონეტული დიქტატურის სახელი.

დასავლეთის შეშფოთება

კანონიერი ხელისუფლების წინსვლამ და მთელს საქართველოში მისი გარდუვალი აღდგენის პერსპექტივამ უკვე შეაშფოთა და შეაშინა არა მხოლოდ შევარდნაძე, არამედ მისი მესვეურებიც, მისი დამსმელები. შევარდნაძე - რომელიც უკვე ვერავითარ საკუთრივ ქართულ სამხედრო ძალას ვეღარ ფლობს, აღარავის ენდობა და ყველგან ღალატს ხედავს - შველისათვის ისტერიულად მიმართავს ამერიკას და საქართველოს მთავარ მტერს - რუსეთს. იმ რუსეთს, რომელმაც სულ ერთი თვის წინ საქართველოს წაართვა აფხაზეთი და იქ ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოაწყო.

შეგახსენებთ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო, მაგრამ ფრიად დამახასიათებელ მოვლენას ხუნტის ამ პერიოდის ისტორიიდან. სწორედ ამ დღეებში შევარდნაძემ მოაწყო ხუნტის ქურდულ-ინტელიგენტური ელიტის "აქტივის დიდი შეკრება", რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა და ზუგდიდში ვუყურე. თუ როგორი დაბნეული იყო აქტივი, გამოჩნდა იქიდან, რომ პირველივე გამომსვლელმა შესძახა: "შევარდნაძემ დაღუპა საქართველო"-ო. შემდეგ კი მთავარმა გამომსვლელმა - ნომენკლატურულმა ინტელიგენტმა (ალბათ თქვენ ჩემზე უკეთესად გეხსომებათ ვინც იყო) პათეტიკურად მოუწოდა დამსწრეებს: "ახლა ყველამ უნდა ავისხათ იარაღი და შევებრძოლოთ გამსახურდიას"-ო. კარგად მახსოვს, რომ სამოქალაქო ომის გაჩაღების ამ მოწოდებას დარბაზი სამარისებული სიჩუმით შეხვდა - ხუნტაში საბრძოლო განწყობა აღარ იყო! შევარდნაძეს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა რუსეთის დაუფარავი ინტერვენციისა. მოვლენების შენიღბვა უკვე შეუძლებელი გახდა.

ამ მოვლენებს სხვა მნიშვნელოვანი მხარეც გააჩნდა. საქართველოს შინაგან საქმეებში რუსეთის ღია ჩარევის შემდეგ შევარდნაძესა და ხუნტის ელიტას უკვე აღარ სჭირდებოდათ მობეზრებული "მხედრიონი" და შესაბამისად - ჯაბა იოსელიანიც. ამათი ციხეებში მოხვედრა და მოსპობა-ლიკვიდირება უკვე გარდუვალი გახდა (როგორც კიტოვანისა და მისი "გვარდიის").

ხუნტის ამ ქმედებებზე ამერიკის კონგრესის დოკუმენტში ვკითხულობთ: "ვაისი: - შევარდნაძე დამდაბლდა (has been reduced !) იქამდე, რომ დახმარებისათვის მიმართა რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირს... [გვ. 1]". ესეც კარგად ჩაინიშნონ იმათ, ვისაც საქართველოში სამოქალაქო ომზე უყვართ ფილოსოფოსობა - ან ბატონ ვაისს ზვიადისტობა დააბრალონ.

რა საბაბით სთხოვს დამდაბლებულ-დამცირებული შევარდნაძე ჯარს რუსებს? "ვაისი: - ...რათა მათ აღმოუჩინონ დახმარება სტრატეგიული სარკინისგზო ხაზების დაცვაში რომლებიც აკავშირებენ დასავლეთ საქართველოს ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან, აგრეთვე სომხეთთან და აზერბაიჯანთან [გვ. 1]". ხომ გახსოვთ რა საბაბით დაიწყო შევარდნაძემ ომის პროვოცირება აფხაზეთში? დიახ, სწორედ სარკინისგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით. ახლაც იგივე ფანდს იმეორებს.

მაგრამ, ეს აბსოლუტური სიყალბეა - ფოთში სწორედ ამ დროს იყო ჩამოსული სომხეთის ვიცე-პრემიერი, რომელსაც უცხოელი ჟურნალისტების თანდასწრებით, ასე ვთქვათ ხელიდან-ხელში გადააბარეს სომხეთისათვის განკუთვნილი უკლებლივ ყველა ტვირთი. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ - "მე ქვეითა ვარ, შენ ზევით - როგორ აგიმღვრევ წყალსაო?"

ამერიკაში აღინიშნა ისიც, რომ: "ვაისი: - საქართველოში შევარდნაძის მომხრეებს შორისაც კი რუსეთის ძალების მოწვევამ მწვავე რეაქცია გამოიწვია და მისი პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბნელით გახდა მოცული... [გვ. 1]". აქ ბატონი ვაისი აღიარებს, რომ გაჩნდა დიდი ბზარი და წინააღმდეგობანი თვით ხუნტის შიგნით - მის ექსტრემისტულ-ანტიქართულ ელიტასა და რიგით ნაწილს შორის. ბზარი გაჩნდა იმიტომ, რომ სავსებით დაუფარავი გახდა ხუნტის ელიტის მოღალატური, ანტიქართული არსი - ქართველების წინააღმდეგ, ქართული სისხლის დასაღვრელად მათ რუსის ჯარს მოუხმეს - ისევე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს!

ამავე დროს - "ვაისი: - პრეზიდენტმა კლინტონმა გასულ კვირას შევარდნაძეს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა და მოიწვია ვაშინგტონში... [გვ. 1]". თუ დიპლომატიურ ენას გავშიფრავთ, ეს ნიშნავდა: მხარდაჭერა გამოუცხადეს - გასამხნევებლად, ოფიციალური მოწვევა კი გაუგზავნეს პოლიტიკური თავშესაფრისათვის, თუ კი მდგომარეობა გამოუვალი გახდებოდა - თორემ ასეთ დროს რა ემოგზაურებოდა და ევიზიტებოდა შევარდნაძეს?! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ ისტერიკაში იყო ჩავარდნილი ხუნტის მეთაური.

შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა მიეღოთ იმის გარანტია, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს. ვაშინგტონში იმედით აღნიშნეს, რომ: "ვაისი: - რუსებმა ახლა დაარწმუნეს სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი, რომ ისინი შეუერთდებიან შეერთებულ შტატებს შევარდნაძის მხარდაჭერაში [გვ. 2]".

როგორც დოკუმენტის ამ მონაკვეთიდან ხედავთ, რუსეთის არმიის მიერ საქართველოში ახალი ომის დაწყება - შევარდნაძის დასაცავად - ამერიკის ადმინისტრაციის საგანგებო მცდელობითა და დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. ეს იყო რუსეთის არმიის, ამერიკის ინტერესებში რეგიონულ ჟანდარმად გამოყენების პირველი და ალბათ არც თუ უკანასკნელი შემთხვევა კავკასიაში.

თუმცა დარწმუნებული ვარ, ამერიკელების ეს ფაცი-ფუცი სრულებითაც არ იყო საჭირო - რუსეთი ისედაც მზად იყო დაეცვა ორი ბატონის მსახური მარიონეტი.

ძალაყინისათვის წინაღობა არ არსებობს: ინტერნაციონალური ინტერვენცია

დღეს საქართველოში ზოგს სურს დამალოს და მიჩქმალოს, რომ შევარდნაძის რეჟიმი ხელისუფლებაში დაამკვიდრეს არა შინაგანი, საკუთრივ ქართული ინტერესების გამო, არა საკუთრივ ქართული რომელიმე ძალის მეოხებით, არამედ გარეშე ინტერესების გამო, გარეშე ძალების მეოხებით.

რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა ბატონებო, როდესაც ამერიკის კონგრესის ამ დოკუმენტში შავით თეთრზე სწერია: "გოლცი: - საქართველოში მოვლენების განვითარებაში არის შინაგანი ფაქტორი[!], მაგრამ არის აგრეთვე გარეგანიც[!]. ხოლო ამ გარეგანის გააზრებას მე თქვენ მოგანდობთ რუსული გამოთქმის შესაბამისად - 'Против лома нет препона', რაც ნიშნავს 'ძალაყინისათვის წინაღობა არ არსებობს', და მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით სწორია ახლა საქართველოს მიმართ... დღეს დილით მე დავუკავშირდი თბილისს და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები არათუ შევიდნენ, არამედ უტევენ კიდევაც ტანკებით გამსახურდიას მომხრეებს ფოთის მიმართულებით და აგრეთვე მთელს დასავლეთ საქართველოში [გვ. 8-9]".რა ზომისა და სიმძლავრის იყო ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული გარეგანი ფაქტორი - "ყოვლისმძლევი ძალაყინი"?

პირველ რიგში ეს იყო რუსეთისა და უკრაინის(!) გაერთიანებული სამხედრო ფლოტი ადმირალ ბალტინის მეთაურობით: სამი ფრეგატი - ფლოტის ფლაგმანი "ოლშანსკი", "კუნიკოვი" და "69"; ორი მოიერიშე - "პიტლივი" და "სდერჟანნი"; ორი ესმინეცი და სამი სადესანტო ხომალდი. ამ ფლოტის მასობრივი განადგურების იარაღი - დიდი ყალიბის არტილერია და სარაკეტო დანადგარები წვდებოდა სამეგრელოს ყველაზე შორეულ რაიონებს, იმერეთსა და სვანეთის წინამთებსაც და მის წინააღმდეგ ლეგიტიმური ხელისუფლების გვარდიას არავითარი საშუალება არ გააჩნდა.

დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა სერბია კოსოვოს კრიზისის დროს - როდესაც მას ბომბავდნენ, სპობდნენ და ანადგურებდნენ ისე, რომ საპასუხო შეტევა შეუძლებელი იყო.

საინტერვენციო ფლოტის სადესანტო ხომალდებმა ფოთსა და ანაკლიაში გადმოსხეს 40 ერთეული ჯავშანტექნიკით გაძლიერებული საზღვაო ქვეითი ჯარის ორი ბატალიონი. სამხედრო ფლოტის ძალების ასეთი მასშტაბით კონცენტრაცია და საბრძოლო გამოყენება არ მომხდარა შავი ზღვის აუზში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

ამას გარდა, მობილიზებული და დასავლეთ საქართველოში გადმოსროლილი იყო 40-მდე უახლესი მძიმე ტანკი საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიდან. სახმელეთო ტაქტიკურ ოპერაციებს კი ახორციელებდა რუსეთიდან ავიაციით დესანტირებული "ძერჟინსკის დივიზიის" პოლკი - 1200 მებძოლით.

საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა და შესაბამისი ბატალიონი გამოჰყო აგრეთვე სომხეთმაც (აზერბაიჯანმა ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა).

აქვე ესეც ვთქვათ - როდესაც 250 ათას ქართველს აფხაზეთში გენოციდი და ეთნიკური წმენდა ემუქრებოდა - მთელი წლის განმავლობაში არ გამოინახა საერთაშორისო სამშვიდობო ძალები აქ ჩასაყენებლად და სისხლისღვრის შესაჩერებლად, და არც ბატონ ქრისტოფერსა და კლინტონს შეუწუხებიათ თავი. მაგრამ, როდესაც საშიშროება პირადად მათს მარიონეტს და მის რეჟიმს დაემუქრა - რამდენიმე დღეში ყველაფერი "მშვენივრად" მოაგვარეს.

არ შევჩერდები ბრძოლების იმ რამდენიმე ეპიზოდზე, როდესაც კანონიერმა გვარდიამ მცირერიცხვოვანების მიუხედავად მწარე დამარცხება აწვნია მტერს - მაგალითად სენაკში. არ შევეხები იმდენად, რამდენადაც ეს უკვე ვერ გადაწყვეტდა საბოლოო ჯამში დაწყებული ომის ბედს - ეს კი უკვე ნამდვილი და მასშტაბური ომი იყო. უფრო მძიმე, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის ეპიზოდი - იმიტომ, რომ აქ რუსეთის არმია უკვე დაუფარავად, ღიად მოქმედებდა და რეგულარულ ნაწილებს იყენებდა. და, რაც მთავარია - მას ამჯერად ინტერნაციონალური მანდატი, ნებართვა ჰქონდა!

რუსეთ-უკრაინის სამხედრო ფლოტის საბრძოლო ოპერაციებში ჩართვით დასავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით ლტოლვილებით გადატენილ სამეგრელოს უარესი უბედურება ემუქრებოდა, ვიდრე დღეს ჩეჩნეთს დაატყდა თავს. ხაზს გავუსვავ მხოლოდ იმას, რომ სწორედ აქ და სწორედ ამ დროს რუსეთმა გამოიყენა ის ტაქტიკა, რომელსაც დღეს ჩეჩნეთში იყენებს - რუსეთის ფლოტის არტილერია და სარაკეტო დანადგარები, რუსული ტანკები და ავიაცია ბომბავდნენ არა გვარდიის პოზიციებს, არამედ მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებს. ამ ტერორისტული დაბომბვების შედეგად არ დაღუპულა არც ერთი გვარდიელი(!), სამაგიეროდ ყოველღიურად იღუპებოდა ათობით უდანაშაულო სამოქალაქო პირი და ინგრეოდა ათობით საცხოვრებელი სახლი და საზოგადოებრივი შენობა. ეს იყო ნამდვილი და მასშტაბური საერთაშორისო ტერორისტული ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში რუსის ჯარმა, ამ რამდენიმე დღეში, 250 ქართველის სისხლი შესვა!

აქვე უპრიანია ასეთი შეკითხვები დავსვათ - ვთქვათ რუსეთი რაიმე მიზეზის გამო არ დათანხმებოდა ამერიკას შევარდნაძის დახმარებაში? ან, ვთქვათ, თუ ასეთივე რამ განმეორდა მაშინ, როდესაც რუსეთის სამხედრო ბაზები აღარ იქნება შავ ზღვაზე, საქართველოში? მაშინ რომელ ფლოტს მოაყენებენ საქართველოს სანაპიროს? რომელი ქვეყნის არმიასა და ტანკებს დაახმარენ შევარდნაძეს ან რომელიმე მორიგ დიქტატორ-მარიონეტს? რა ძალა გახდება ე.წ. გარეგანი ფაქტორი - "უძლეველი ძალაყინი"? ვის შეასმევენ ქართულ სისხლს? - ეს შეკითხვები პასუხს მოითხოვენ!

სამწუხაროა, რომ ამერიკა, კლინტონის ადმინისტრაციის სახით, საქართველოს წინააღმდეგ იმ დღეებში რუსეთის გვერდით, მეტიც - რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წამქეზებლად მოგვევლინა. მოგვევლინა საქართველოს კანონიერი, დემოკრატიულად არჩეული, ეროვნული ხელისუფლების მტრად და მოძალადე, ტირანული რეჟიმის მომხრედ. რეჟიმისა, რომელსაც ისინი თვითონ ასე ახასიათებენ: "ფერბენკსი: - მე არ ვფიქრობ, რომ შევარდნაძემ კარგად გაართვა თავი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა... ეს მაფიქრებინებს, რომ ჩვენ შევარდნაძის პერიოდის ბოლო ეტაპს ვუახლოვდებით. როგორც შევარდნაძე, ასევე იოსელიანი არადამაკმაყოფილებელი ფიგურები არიან. მათგან შეუძლებელია მეტს მივაღწიოთ - მაგრამ, მათი დაუყონებლივ ჩამოცილება პოლიტიკიდან ასევე არასასურველია... მე ვთვლი, რომ შევარდნაძის დრომოჭმული და ხშირად სულელური [stupid !] პოლიტიკა მისი საბოლოო წარუმატებლობის მიზეზი გახდება... [გვ. 13]". არა მგონია, რომ ამერიკის კონგრესის ამ დოკუმენტში "დიდი პოლიტიკოსისათვის" მიცემული ეს შეფასება ჩემგან რაიმე დამატებით კომენტარებს საჭიროებდეს. როგორც ამ დოკუმენტიდან ხედავთ, ვაშინგტონში საღი აზრი ასე-თუ-ისე არსებობდა - რასაც ვერ ვიტყვით საღ პოლიტიკურ დასკვნებსა და გადაწყვეტილებებზე.

აქ თვალნათლივ ჩანს ვაშინგტონის გაღიზიანება იმით, რომ დამცირებულმა შევარდნაძემ ვაშინგტონიც გახადა იძულებული რუსეთის წინაშე თავი დაემცირებინა და კრემლისათვის სამხედრო დახმარება ემათხოვრა. საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტებს ჰკითხეთ - რას ამბობდნენ პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი ან რუზველტის სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰულლი ასეთ შემთხვევებში.

შედეგები

1993 წლის მიწურულის მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს კანონიერი, ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ - საქართველოს წინააღმდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გაფორმდა ერთობლივი, რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური და გარკვეული თვალსაზრისით სამხედრო-სტრატეგიული ალიანსი, ფრონტი. ამან დაამკვიდრა საქართველოში ნომენკლატურის რევანში და საქართველოს, ქართველ ხალხს დააკარგვინა კანონიერების, დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის უკანასკნელი შესაძლებლობა, - ეს ზვიადის სიტყვებია, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლო დღეებში ხშირად იმეორებდა. გარესამყარომ უკვე მერამდენედ ილიას, მერაბს, ზვიადს - სტალინი, ბერია, შევარდნაძე არჩია...

როგორც ზემოთგანხილული დოკუმენტიდან ხედავთ და მასშივე დაუფარავად აღიარებენ - საქართველოში ხელისუფლების ბედი არ გადაუწყვეტია საქართველოს შინაგანი ძალებს, ეს არ გადაუწყვეტია ქართველ ხალხს - თუნდაც მის რომელიმე ცალკეულ, მცირე ნაწილს. ეს არ იყო შინაგანი ფაქტორის მოქმედების შედეგი. სავსებით უსაფუძვლოა საქართველოში რაიმე სამოქალაქო ომზე ლაპარაკი.

ისტორიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით, 1989-1993 წლებში ომი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს იყო ომი დამოუკიდებლობისათვის, სამამულო ომი. ხოლო ამ ომის ეპიზოდები იყო რეგიონული ომები ანუ ომის კამპანიები სამაჩაბლოში, აფხაზეთში და დასავლეთ საქართველოში. 1989 წლის 9 აპრილიც და თვით პუტჩიც კი ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის შემადგენელი ნაწილები, ეპიზოდები და დეტალები იყვნენ. ვფიქრობ, საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის ამ დებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამოქალაქო ომზე დღეს ლაპარაკობენ ის ფარისევლები, ვინც არც თუ დიდი ხნის წინ ლაპარაკობდნენ "დიქტატორ გამსახურდიას წინააღმდეგ საერთო-სახალხო აჯანყებაზე". სამოქალაქო ომის ფაქტორი აწყობთ იმათ, ვინც საქართველოს განმათავისუფლებელ ომში რუსეთის მხარეზე იყვნენ - კოლაბორაციონისტებსა და მოღალატეებს. იმათ, ვისაც "უძლეველი რუსული ძალაყინის" შემწეობით ომში გამარჯვებულმა რუსეთ-ამერიკის ალიანსმა მარიონეტული ძალაუფლება ჩაუგდო ხელში. ლაპარაკობენ იმისათვის, რათა ღალატის თვით ეს ფაქტი მიჩქმალონ და დამალონ. სამოქალაქო ომისა და შინაეროვნული დაპირისპირების ფაქტორის გადაჭარბება ახლა ქართველი ერისათვის ყველაზე საშიში და საზიანო იდეოლოგიური ნაღმია და ნამდვილი ქართველი ინტელიგენციის მოვალეობაა ამ სიყალბეს საკადრისი პასუხი გასცეს.

ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ფორმალურადაც გასამართლდება საქართველოს მარიონეტული დიქტატურული რეჟიმი. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ გასამართლებაში ყველაზე ენერგიული იქნება ბევრი აქტიური პუტჩისტი - ის, რომელმაც თავისი მოღალატური ქცევითა და ფარისევლობით შეამზადა, ხელი შეუწყო პუტჩსა და საქართველოს შემდგომ დაცემას.

და სწორედ იმ დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოღალატე, ანტიქართული, მარიონეტული დიქტატურა მისი დამახასიათებელი ყველა ავი ზნითურთ - კორუპციით, ძალადობით, გარყვნილებით, ეკონომიკური და სოციალური უსამართლობითა და სტაგნაციით - გარედან და ძალით ჩანერგეს. ჩანერგეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მეტიც - ჩანერგეს ომითა და სისხლისღვრით. რომ, ამას საქართველოში, ქართველ ხალხში რაიმე არსებითი საფუძვლები და დასაყრდენი არა ჰქონია - ერთი მუჭა მოღალატე, ქურდულ-ნომენკლატურულ-ინტელიგენტური მაფიის გარდა. ზუსტად ისევე, როგორც ბოლშევიზმი და გასაბჭოება არ ყოფილა საქართველოს შინაგანი განვითარების გარდუვალი შედეგი, შინაგანი მოვლენა.

ამიტომ, საბჭოთა-ბოლშევიკურ რეჟიმზეც, დღევანდელ ნომენკლატურულ-"დემოკრატიულ" რეჟიმზეც და მათ მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი ამ რეჟიმების ჩამნერგავები, დამსმელები იქნებიან. და სწორედ ამიტომ, არის საშიშროება იმისა, რომ საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დაფუძნებას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ისევ ისინი გაუწევენ.

რაც შეეხება საქართველოში ნამდვილ ეროვნული თანხმობას, ეს შესაძლებელი გახდება და მეტიც - თავისთავად და დაუძალებლად მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს "თავის უფლება" ექნება. ძალის-ძალად სიყვარული კი არ გამოვა, არ იქნება.

Bessarion Gugushvili

Vantaa, Finland, 5 September 2000

 

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

 Cover Page | Table of Contents | BPG 1996 | rioni@hotmail.com | Feedback